პოსტივით სპონტანურად

Congratulations on your 10th like on “იგი”

Your current tally is 12 – wordpress -მა ჩემს განწყობაზე იზრუნა,რომ არა ეს notification-ი, ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. არ ვიცი რა ხდება უნივერსიტეტში… ვერც მეგობრებთან მივდივარ… ერთი კვირით ჩამოვრჩი ცხოვრებას… სამაგიეროდ ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის, სულ არ ყოფილა ამდენი დრო საჭირო…

ჩემს მარტოობაზე სალაპარაკოდ არ დამიწყია წერა… უბრალოდ მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი ბლოგის ერთგულ ბლოგერებს, wordpress – ის მოლოცვა თქვენი დამსახურებაა ჩემო ჩემსავით ახლადფეხადგმულო ბლოგერებო 🙂

caxu და wellbred მადლობა თქვენ!

p.s. აქ სულ სხვა პოსტს ვვარაუდობდი, მაგრამ სიახლემ გამახარა 🙂 სტაჟიანი ბლოგერი იფიქრებდა ეს პოსტი რაღა საჭირო იყოვო… ჯერ ჩემთვის ხომ ახალი ხილია 🙂

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ქართული ჟურნალისტიკის დღე

“ქართული ჟურნალისტიკის დღე”, 21 მარტი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. მას შემდეგ რამდენიმე წელი ინტენსიურად აღინიშნებოდა, ბოლო დროს კი მნიშვნელობა და მასშტაბები შეუმცირდა.

ვირუსის გადამკიდეს ერთმანეთში ამერია დღეები და რიცხვები. შესაბამისად ჩემი ყურადღება მოაკლდა დღევანდელ დღეს და მის მნიშვნელობას.

როგორც წესი, facebook-ი ზრუნავს ხოლმე რომელიმე დღე არ გამომრჩეს მხედველობიდან და აღნიშვნა თუ არა, მილოცვები მაინც არ დამავიწყდეს…

დღეს facebook-იც ქართული ჟურნალისტიკასავით ჩაკვდა და მეც გვიან გამახსენდა “ქართული ჟურნალისტიკის დღე”. საინფორმაციო სააგენტოების და ინტერნეტ გაზეთების დუმილიც ცუდად მენიშნა. ვიფიქრე, იქნებ დღეს სულაც არ არის 21-მეთქი. შემდეგ უფრო გულმოდგინედ დავიწყე ძებნა და დავმშვიდდი, რამდენიმე ნიუსი ვიპოვნე. ე.ი. არაფერი ამრევია.

“საეჭვოა ეს აღნიშნონ ტელეჟურნალისტებმა, ქართველი ტელეჟურნალისტები ხომ ბუნებაში არ არსებობენ”-პირველივე საინტერესო სტატია შემხვდა, თან ჟურნალისტიც ტყუილად ეჭვობს, ამაში ერთმა პატარა ნიუანსმა დამარწმუნა, თუმცა მეგობრობის ხათრით…

ვინც “არსებობენ”, დღეს ისინიც უსირცხვილოდ მესაუბრებოდნენ სტუდენტური დასაქმების პროგრამის სიკეთეებზე, იმის პასუხს კი არავინ მეუბნებოდა რატომ იყო რეგისტრაციის დროს ხარვეზები და კიდევ მრავალი რატომ-რაზეც უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა.

სიტყვა გამიგრძელდა…

ქართველო ჟურნალისტებო და “ჟურნალისტებო” ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ.

დამიგვიანდა პოსტი. ერთი მიზეზი ვთქვი რატომაც, მეორე მიზეზზე შემდეგ პოსტში… 🙂

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 2 Comments

გუშინდელი პოსტი

პრესის ჟურნალისტობა მინდა!

დღეს ამაში (ალბათ) საბოლოოდ დავრწმუნდი. ბევრი ბოდიალის შემდეგ(ან შეიძლება მე მომეჩვენა ბევრი, რადგან ცაიტნოტში ვიმყოფებოდი და მინდოდა მალე მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე), აღმოვჩნდით ჩემთვის საკმაოდ მისაღებ გარემოში. თავიდან რამდენიმე კლავიატურის ჩხაკუნი ცოტა არ იყოს არასასიამოვნო მოსასმენი იყო, თუმცა შემდეგ ისე მივეჩვიე, წამოსვლა აღარ მინდოდა.

გუშინ ჩემს მეგობარს გაზეთ “რეზონანსიდან” დაურეკეს და გასაუბრებაზე გავყევი. 40 წუთის განმავლობაში ველოდებოდი და თან დაკვირვებას ვაწარმოებდი. რაღაც ძალიან შეხმატკბილებული მომეჩვენა მათი მუშაობა, თითქოს მშვიდ და თან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა. არც ისე ადვილია ჟურნალისტობა.

დღეში (ზოგჯერ)10 სტატია, დროში რომ იწვები. რესპონდენტებთან და ინფორმაციის სხვა წყაროებთან მუდმივი რეკვა. როცა გგონია ყველაფერი მზადაა და ისევ ტანჯვა იწყება: იწყებ სტატიის წერას და ინგლისურში არსებობს ასეთი იდიომი: said the mouthful – რაც შეიძლება მეტი თქვა ნაკლები სიტყვებით. იწყება მასალის “გაშიფვრა” და ხანდახან თანამშრომლებთან წაკინკლავებაც გიწევს, როცა გამოწვეული ხმაურის გამო, კონცენტრირება გიჭირს. როგორი ადრენალინია და  რა ბედნიერება,ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, შედეგით კმაყოფილი რომ ხარ…

ჩემი საქმეა ალბათ…

კმაყოფილები წამოვედით. ამ კვირაში ორივეს გაგვიმართლა.

ორშაბათსაც, ისე, როგორც ხშირად, უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა. როგორც იქნა მეტროდან გამოვაღწიე და ავტობუსმაც დროზე მომისწრო. აზრზე მოსასვლელად მუსიკას ვუსმენდი, მყუდროება ზარმა დამირღვია. ახალი talk show – ს თაობაზე მირეკავდნენ, რომელსაც შალვა რამიშვილი აკეთებს, ყოველ შემთხვევაში იდეაში არსებობს მისი გაკეთების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ნებისმიერი დამსაქმებელი (თუ შეიძლება ასე ითქვას)მაწყობს, სტაჟიორობაც საკმაოდ დიდი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ პრესის ჟურნალისტობა მინდა, არც ერთი შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს.

ერთი სიტყვით, იმ დღესვე მივედი გასაუბრებაზე და შალვას პირისპირ აღმოვჩნდი.

– აბა რა გინდა და რისთვის მოხვედიო – მკითხა, როგორც გასაუბრებაზე იციან ხოლმე.(არადა გასაუბრებაზე პირველად ვიყავი,გადმოცემით ვიცი, რომ ასე იციან) მეც ბევრი არაფერი მქონდა სათქმელი და მალევე მოვხვდი შესაძლო სტაჟიორთა სიაში. იმედია კიდევ ერთი მოულოდნელი ზარი დამირღვევს მყუდროებას და იმ შესაძლო სტაჟიორთა მოსალოდნელ შეკრებას შემატყობინებს.

მანამდე კი, რა ვიცი ხვალ რა ხდება… 🙂

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 2 Comments

ასე უბრალოდ: 8 მარტს გილოცავთ!

დღეს 8 მარტია და კარგი იქნებოდა თქვენთვის ერთი ლამაზი პოსტი მომეძღვნა,მანდილოსნებო…
მაგრამ…არის ერთი “მაგრამ”…
არასოდეს აღვნიშნავდი 8 მარტს, უბრალოდ არ მქონდა ამ დღის მნიშვნელობა გააზრებული, უბრალოდ პატარა ვიყავი. ახლა კი, ისე, უბრალოდ, სურვილი არ მაქვს…
ერთხელ იყო ყველაზე ბედნიერი დღე, ყველაზე ბედნიერი 8 მარტი. ისეთი 8 მარტები აღარ იქნება, რაღაცები არ მეორდება…
მთელი დღეა ქუჩაში, იებით ხელში, მომღიმარი მანდილოსნები დადიან და მეც სხვანაირად არ ძალმიძს…
ასე, უბრალოდ: 8 მარტს გილოცავთ მანდილოსნებო…

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

(ჩემი დაკვირვებით) ქართველ სტუდენტთა აბსოლიტური უმრავლესობა 20 მარტის მოლოდინშია.

სტუდენტური დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდზე უკვე დაიდო დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინიციატივის შესახებ, რომ თურმე საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება იმუშაოს ზემოთ ნახსენებ “თანამდებობებზე” და გამოიმუშაოს თანხა 500 ლარის ოდენობით, (რასაც დააკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი 20%) ჯგუფელისგან გავიგე.

ინიციატივა მომეწონა, ცოტა მაინც წაგვადგება ამ “გაჭირვებულ” სტუდენტებს-მეთქი. მარტო მე კი არა, ყველას მოეწონა. ზოგმა უკვე იმუშავა და ის 400 ლარიც აიღო (ჩემი არც თუ ისე სახარბიელო მათემატიკით ხუთასს დაკლებული ხუთასის 20%, 400 ლარი გამოვიდა). ერთმა ახალი ტელეფონი იყიდა,მეორემ-ზღვაზე დაისვენა (სავარაუდოდ ქობულეთში), დანარჩენებმაც რაღაც-რაღაცები ვთქვით. დაახლოებით ისე გამოგვივიდა, ბავშვები რომ ეკითხებიან ხოლმე ერთმანეთს, რას გააკეთებდი მილიონი რომ გქონდესო…

სიამოვნებით ჩავერთვები პროგრამაში იმ შემთხვევაში, თუ საქმე წიგნებთან ან დოკუმენტებთან მექნება, (ყველას თავისი პროფესიიდან გამომდინარე დაასაქმებენო და მეც დიდი იმედი მაქვს) სხვა შემთხვევაში “სერიოზულად” დავფიქრდები.

ყოველ შემთხვევაში ვაპირებ ვცადო, როგორც იტყვიან ჩემი რაღა მიდის.

რეგისტრაცია 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგრძელდება დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე   www.summerjob.ge .

დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან მხოლოდ 25 ათასი დასაქმდება.

და მაინც, ცდა ბედის მონახევრეაო… 

ბმული | Posted on by | Tagged | 7 Comments

იგი

მერე რა, რომ ქვეცნობიერმა გამანებივრა და დამწყებ ბლოგერად მთვლის. ამით სულაც არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ბლოგისადმი,-არც აქამდე მეგონა ადვილი მისი “წარმოება” და ახლა უფრო მეტად ვიგრძენი პასუხისმგებლობა “მეს” წინაშე.
საიდან და როგორ დავიწყო წერა ჯერ კიდევ არ ვიცი. იმის გამო, რომ არ ვაპირებ თემატური ბლოგი მქონდეს, ალბათ “დღიურის” სახე ექნება.
მარტივად ავუღე ალღო. არადა მეგონა ვერაფერს გავუგებდი, ამის საფუძველს ჩემამდე “გაბლოგერებულების” დამოკიდებულება მაძლევდა, რომლებმაც რატომღაც ჩათვალეს, რომ მაგალითად: მისი დიზაინის შეცვლა და ა.შ. გაუძნელდებოდათ.
ერთადერთი, რამაც შუბლზე რომ ძარღვია,აი ის ძარღვი გამიწყვიტა, სახელის შერჩევა იყო. რამდენიმე სახელი ვცადე და არ მომეწონა, ბოლოს “მანდრაგორა” დავარქვი.ამ სიტყვაზე ყოველთვის მეღიმება და მაგიტომ. სიტყვა, რომელიც ჩემს ბავშვობასთან(და ალბათ არა მხოლოდ ჩემს ბავშვობასთან) ასოცირდება. ან იქნებ მარტო მე მომეწონა ეს სიტყვა და სხვებს ყურადღება არც მიუქცევიათ. ერთი სიტყვით, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ საყვარელ წიგნში,”ჰარი პოტერი”, შემხვდა და მომეწონა .მერე რატომღაც ეს სახელიც გადავიფიქრე.
დღეს “მარშუტკაში” ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, ავტორს პატარ-პატარა ინტერვიუები მაგალითებად ჰქონდა მოყვანილი , იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორია კარგი ან ცუდი ინტერვიუ, რომ ჟურნალისტი ვალდებულია კომპეტენტური იყოს იმ საკითხში, რა საკითხზეც რესპონდენტს ესაუბრება,ან უნდა რომ ესაუბროს და ა.შ. ხოდა ერთმა ინტერვიუმ მიიქცია ჩემი ყურადღება. რესპონდენტი გურამ დოჩანაშვილი იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელია მისთვის საყვარელი თანამედროვე მწერალი და ნაწარმოები, იგი ოთხ ნაწარმოებს ასახელებს, მათ შორის არის ჯემალ ქარჩხაძის “იგი”. ბლოგის სახელიც თავისით მოვიდა. ერთადერთი ნაწარმოები(ერთადერთი არა იმიტომ, რომ მეტი არაფერი წამიკითხავს), რომელმაც ჩემში ყველანაირი განცდა და ემოცია გამოიწვია მაშინ,მეათე კლასში და დღემდე რომ მომყვება მისი “სუნი”. ჩემთვის ყველაზე თბილი და სუფთა ნაწარმოები. ის ბრძოლა რომელიც მუდამ არსებობდა და იარსებებს ადამიანსა და საზოგადოებას შორის.”იგი”-ნაწარმოები,რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის ძალა დაგიბრუნოს. სიკვდილიც ხომ ღირს ჩვენს სხეულში უხმოდ ნათქვამი სიტყვებისთვის:”იგისგან სწორედ ის დარჩა,რაც იგიში იგი იყო”.
P.S. სულაც არ მეგონა ასეთი პოსტი თუ გამოვიდოდა, თავისით “დამეწერინა”:)  იმედია ეს პოსტი იქნება ერთგვარი დაზღვევა იმისგან, რომ ბლოგის სახელზე ფიქრით აღარ ავიტკიო თავი…

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ბლოგის იმედად

მოკლედ.გადავწყვიტე საკუთარი ბლოგი მქონდეს. დიდი ხანია ვაპირებ,მაგრამ ხელისა და ტვინის განძრევა მეზარება.

ბოლო ერთი წელია ყოველ დღე ვფიქრობ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაზე.დღეს არა-ხვალ,ხვალ არა-ზეგ და ასე გადის დრო,არც ბლოგი მაქვს, აღარც რამის დაწერის სურვილი.

ორი დღის წინ მეგონა პირველი პოსტი მზად არის-მეთქი. ღამის სამ საათზე თვალებდაჭყეტილი ვიწექი (ეს ჩემი ჩვეული მდგომარეობაა) და არც მეტი, არც ნაკლები, ბლოგზე ვფიქრობდი. (სახელი ვერ მოვუფიქრე). ხოდა გაცილებით ეფექტური და გემრიელად დაწერილი პირველი პოსტიც მზად იყო, ტელეფონს რომ არ ემტყუნა. ტექსტის რაღაც ნაწილი შეინახა მარტო და დამტოვა გაღიმებული.(შეიძლება ნახევრად მეძინა და მეგონა ვინახავდი). გაბრაზებულმა მოვიქნიე ტელეფონი და საბოლოოდ შევეშვი ბლოგზე ოცნებას. (მაშინ ასე გადავწყვიტე).

თუმცა ბლოგის იმედად დარჩენილ მომავალ ჟურნალისტს გადაწყვეტილების შეცვლა არ გაუჭირდება.

რატომ მჭირდება ეხლა ეს ბლოგი.პირველი. ვინაიდან და რადგანაც, უკვე მეორე კურსის სტუდენტმა, სტაჟიორადაც კი ვერსად შევყავი ცხვირი, სადაც მეპატიჟნენ იქ ყოველ თვე 50 ლარი მოაყოლეო და მგონი თავის შეკავება სჯობდა.მეორე. ვინაიდან და რადგანაც (ჩემი ბედის რა ვთქვი) ახლო და შორეული ნაცნობობის იმედიც არ მაქვს. მესამე. ვინაიდან და რადგანაც დღესაც დილიდან ვზივარ და ველოდები   დასმულ კითხვაზე პასუხს როდის მაღირსებენ ერთ-ერთი ახალი”პროექტიდან”(ამოვიდა ამდენი ლოდინი და ილუზიები ყელში).და კიდევ, მიზეზთა და მიზეზთა გამო დავრჩი ასე, ბლოგის იმედად.

იმედად იმისა,რომ წერა არ დამავიწყდება.

Posted in Uncategorized | Tagged , | 2 Comments